გურამ მაჭარაშვილი: ბარამიძის განცხადება არის გაგრძელება იმ რეზოლუციის, რომელსაც ბარამიძის პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი და დააბრალა საკუთარ სამხედროებს იმ ოპერაციის დაწყება, რომელიც მიიღო პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის თამადობით 2008 წელს

მაჭარაშვილი

ბარამიძის განცხადება არის გაგრძელება იმ რეზოლუციის, რომელსაც ბარამიძის პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი და დააბრალა საკუთარ სამხედროებს იმ ოპერაციის დაწყება, რომელიც მიიღო პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის თამადობით 2008 წელს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საინტერესოა რას იტყვის გამოძიების პროცესში თავად ბარამიძე.

„ძალიან კარგია ის, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ეცოდინება თუ რას ფიქრობს ბარამიძე გარდა იმისა, რასაც ამბობს. ეს არის ის საკითხი, რა საკითხთან დაკავშირებითაც წამოცდენები არ არსებობს. სამშობლოს და საკუთარ სამხედროებს რომ დააბრალებ ხან ომის დაწყებას და ხან ტყვეების დახვრეტას, ეს წამოცდენით არ ხდება, ეს შიგნით გიზის და ძალიან საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში გამოძიების პროცესი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.