გურამ მაჭარაშვილი: ადამიანებს ევროპა მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების გამო უნდა, როცა საპირისპირო მოდის, ბუნებრივად არის ნიჰილისტური დამოკიდებულება ევროკავშირის და არა ევროპული ღირებულებების მიმართ

გურამ მაჭარაშვილი

ადამიანებს ევროპა მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების გამო უნდა და როცა იქიდან ამის საპირისპირო მოდის, ბუნებრივად არის ნიჰილისტური დამოკიდებულება ევროკავშირის და არა – ევროპული ღირებულებების მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ეს  კვლევებშიც აისახა.

„სამი წელია, ვამბობთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან ასეთი სახის არასამართლიანი და უარგუმენტო განცხადებები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას აზიანებდა და აზიანებს. ქართველი ხედავს, რომ ევროპული ღირებულებები თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან და ქრისტიანულ კულტურასთან, მაგრამ ამავე დროს, ევროკავშირიდან ანტიქრისტიანული, ანტიეკლესიური, ანტიქართული განცხადებები ისმის და ადამიანები ევროპული ღირებულებების ნაცვლად, ლგბტ ღირებულებებისკენ, ომისკენ, პარტნიორობის ნაცვლად, ვასალობისკენ მოწოდებებს ისმენენ. ადამიანებს ევროპა მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების გამო უნდა და როცა იქიდან ამის საპირისპირო მოდის, ბუნებრივად არის ნიჰილისტური დამოკიდებულება ევროკავშირის და არა – ევროპული ღირებულებების მიმართ. იუკნევიჩიანე იქნება თუ კუბილიუსი, რომელიც ქართული სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გააკეთებს, ვასალობას მოითხოვს და ქართველ ხალხს ომისკენ მოუწოდებს, ამ განცხადებებით დამოკიდებულებას დააზიანებენ. ამხელა პარლამენტმა როცა რეზოლუცია მიიღო და ჩაწერა, რომ ევროსასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებული სააკაშვილი გაათავისუფლეთ, ომში ჩაერთეთ და კაცების ქორწინება მიიღეთო, რა თქმა უნდა, ასეთ დროს, ქართველი ხალხისთვის ასეთ მოწოდებებს უკურეაქცია აქვს და ეს კვლევებშიც აისახა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა წლიურად – 17 პროცენტით, 2024 წლის შემოდგომასთან შედარებით კი 9%-ით შემცირდა, ხოლო გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ენდობა.