გულანთებით იძახდნენ, ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთო და, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ აქციაზე ორი თუ სამი ადამიანია - რატი იონათამიშვილი ოპოზიციის აქციაზე

რატი იონათამიშვილი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთა აკრძალვაზეც საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, რამდენიმე დღეა ბათუმში აქციას აანონსებდნენ, თუმცა დღეს სასამართლოსთან მათი მხარდამჭერების მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიკრიბა.

მმართველი გუნდის შეფასებით, დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის განცხადება, თითქოს მათი აკრძალვით ათასობით ამომრჩევლის უფლებები იზღუდება, სიმართლეს არ შეესაბამება და, რეალურად, ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

"გულანთებით იძახდნენ, ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთო და, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ არიან ორი თუ სამი ადამიანი ამ აქციაზე და დარბაზშიც ვხედავთ, რომ ზუსტად ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ოპოზიცია არის განადგურებული. ეს აგენტურული ჯგუფები არიან გაშიფრულები ჩვენი საზოგადოებისთვის და მიუხედავად ამისა, სწორედ რომ შეიძლება სხვა სიტუაციაში ასეთი სუსტი და განადგურებული ოპოზიცია სასურველიც კი იყოს, ჩვენ არ ვმოქმედებთ პოლიტიკური ინტერესებით, ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესებით, ვინაიდან, როდესაც ეს ჯგუფი წარმოადგენს უცხო ძალებს და არიან თავისი ბუნებით აგენტურული წარმონაქმნები, რა თქმა უნდა, მსგავსი ჯგუფები პოლიტიკაში ადგილს არ უნდა იკავებდეს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

✕