გიორგობიანი გრენლანდიაზე: გერმანიამ 13 მებრძოლი გააგზავნა, ახლა ესტონეთიც გააგზავნის 2–3 ჯარისკაცს. იმიტომ დასცინის ტრამპი - სერიოზული ძალები აქვთო. გრენლანდიაა მაგალითი, რომელმაც გვაჩვენა, რომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ინტერესებზე

ბიძინა გიორგობიანი

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მთელი 13 მებრძოლი გააგზავნა იქ [გრენლანდიაში]. ახლა ალბათ ესტონეთიც გააგზავნის 2-3 ჯარისკაცს და დაიცავენ. იმიტომ დასცინის დონალდ ტრამპი - ორი მარხილი ჰყავთო, სერიოზული ძალები აქვთო. გრენლანდია აღმოჩნდა ის მაგალითი, რომელმაც ჩვენ კარგად გვაჩვენა, რომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ინტერესებზე - აღნიშნა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, კარგად გამოჩნდა რამხელა უშინაარსობა.

„ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ გრენლანდიაზე ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს პირდაპირ ძალადობას. დღეს დაეხმარნენ გრენლანდიას თავისი ნატოელი მოკავშირეები. მაგალითად, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მთელი 13 მებრძოლი გააგზავნა იქ. სწორედ გრენლანდია აღმოჩნდა ის მაგალითი, რომელმაც ჩვენ კარგად გვაჩვენა, უკრაინის ტრაგედიის შემდეგ, ის გროტესკული სახე, ნატოს უშინაარსობა აბსოლუტური. და კიდევ გვაჩვენა ის აბსურდი, რომელიც ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში 78-ე მუხლის სახით, რომ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იქითკენ, სადაც ერთი რომელიღაცა სამხედრო კავშირის წევრები ერთმანეთს უცხადებენ ფაქტობრივად, გამოუცხადებელი ბრძოლა მიდის და ზოგი ერთს ემხრობა და ზოგი მეორეს. ახლა ალბათ ესტონეთიც გააგზავნის 2-3 ჯარისკაცს და დაიცავენ. იმიტომ დასცინის დონალდ ტრამპი - ორი მარხილი ჰყავთო, სერიოზული ძალები აქვთო. გრენლანდიის საკითხი აღმოჩნდა ისეთი მაგალითი, რომელმაც ჩვენ ძალიან უნდა დაგვაფიქროს ისე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომმა, ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე, ჩვენს პრიორიტეტებზე და კიდევ უფრო მეტად უნდა მოვიხედოთ ჩვენ ახლო სამეზობლოში და კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ინტერესებზე“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ტრამპი ღიად აცხადებს, რომ გრენლანდიაში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესებს ხედავს და არ სურს ისინი მეზობლად ჰყავდეს. ევროპა კი შიშობს, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოსგან ალიანსის სხვა წევრს საფრთხე ემუქრება და ამდენად, შტატების გეგმები მიუღებელია.