გიორგი ვოლსკი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს

ვოლსკი

 იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

„არსებობს პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც გაწერილია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენს სცენარს ვეძახით და ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების დაკნინებას იმდენად, რომ ამას გარკვეული შედეგები მოყვეს; კონკრეტულად, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გარეშე და შემდგომ უკვე იმ გეგმის რეალიზაცია, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიის და საერთოდ საქართველოს გამოყენება ამ გლობალური დაპირისპირების სხვადასხვა სცენარში“, - აღნიშნა მან.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.