გიორგი ვოლსკი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: თვეების განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ ხალხი შეკრებილიყო. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია გარკვეულწილად ვიმსჯელოთ რას აპირებდნენ

გიორგი ვოლსკი

თვეების განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ ხალხი შეკრებილიყო, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე.

მისივე თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულწილად მსჯელობა იმაზე, თუ რას აპირებდნენ.

„თვეების განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ ხალხი შეკრებილიყო. ვფიქრობ, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია გარკვეულწილად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას აპირებდნენ ზოგადად, რა პარალელური პროცესები უნდა განვითარებულიყო, რა დანიშნულება ჰქონდა იმ ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რომლებიც უკრაინიდან შემოიტანეს. ვინ გამოაგზავნა, ვის გაუგზავნა და ა.შ. ის განცხადებები ხომ არ ემთხვევა სწორედაც ამ ტერორისტული აქტების დაგეგმვის აშკარა იდეას. ამ ეტაპზე ნამდვილად შეიძლება ვთქვათ, რომ არანაირად პრეზიდენტის სასახლის ღობეს არ ეკუთვნის სასჯელი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის პროცესი გაიმართა - მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.