გიორგი ვოლსკი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლის ღვრა, დაპირისპირება - არის სწორედ ის მიზანი, რომელსაც გაჰყვება ბრიუსელის ადმინისტრაცია, თუკი მორჩილი არ იქნება საზოგადოების ეს ნაწილი

გიორგი ვოლსკი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ღია მუქარა ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა.

"ეს არის მუქარა - ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლის ღვრა, დაპირისპირება - არის სწორედ ის მიზანი, რომელსაც გაჰყვება ბრიუსელის ადმინისტრაცია, თუკი მორჩილი არ იქნება საზოგადოების ეს ნაწილი. [ჰერჩინსკი] ხალხს, ამ შემთხვევაში, უწოდებს მთელს საზოგადოებას, - ადრე იყო, ხალხს ეძახდა მხოლოდ მათ, ვინც რუსთაველის პროსპექტზე იყო გამოსული. ახლა მთელს საზოგადოებას ახსენებს, რომ მათ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც სწორედაც დაკავშირებული სისხლის ღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მონაცემებით, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა  მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.