გიორგი შარაშიძე: პრობლემა ის კი არ არის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები უძრავ ქონებას რომ ყიდულობენ, პრობლემაა, რომ მაღალია სოციალურად დაუცველების რაოდენობა, ადამიანები ემიგრაციაში გარბიან

გიორგი შარაშიძე

ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის იქნება მომხრე ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, რაც მეტი ინვესტიცია შემოვა, მით უკეთესი, არასდროს ვიქნებით ქსენოფობიის მომხრე, – ამის შესახებ პარტიის „გახარიას საქრათველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დღეს პრობლემა ის კი არ არის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უძრავ ქონებას ყიდულობენ.

„მინდა, დავიწყო კომპლიმენტით. ძალიან კარგად გამოსდის მომხსენებელს კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მერკეტინგის მენეჯერობა და მინდა, მოვუწოდო ამ სფეროში ჩართულ ადამიანს, განსაკუთრებით საქართველოში, დაკვირვებით მოუსმინონ და უყურონ ბატონი კობახიძის გამოსვლას, როგორი ენთუზიაზმით საუბრობს იმ დაგეგმილ მოგებაზე, რაც შეიძლება, „იგლ ჰილსმა“ მიიღოს საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგად.

კითხვები გვაქვს გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა, რაც დღეს ხალხს აწუხებს, არის ის, რომ ბოლომდე არ ვიცით, რა ხდება. მინდა, ჩამოვთვალო ყველა ის საკითხი, რაზეც დღეს არ ისაუბრეთ.

უმთავრესი თემაა მიწის ღირებულება. თქვენ არ საუბრობთ კაპიტალში შეტანილი ქართული მიწის ღირებულებაზე. არ ამბობთ, შეაფასა თუ არა ვინმემ ეს მიწა, ქართულმა ავტორიტეტულმა, გნებავთ საერთაშორისო ავტორიტეტულმა აუდიტორულმა კომპანიამ და თუ ეს არ მოხდა, გვითხარით, რატომ არ მოხდა. იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, საიდან მოვიდა 33,3 პროცენტი ამ ერთობლივ კომპანიაში ან არ მოვიდა, მაგალითად 32, ან 34 პროცენტი. აქციონერთა შორის წილების გადანაწილება ხდება შეტანილი კაპიტალის პროპორციულად, რომელსაც აქციონერები ახდენენ ან ფულადი სახით, ან უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების სახით. სხვა შემთხვევაში ის კითხვები, რომლებიც საზოგადოებას ლეგიტიმურად აქვს, ნამდვილად ლეგიტიმურია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანში სრულდება ეს პროექტი.

თქვენ ვარაუდებზე საუბრობთ, როდესაც ამბობთ, რომ დაახლოებით 10 წელიწადში შეიძლება, დასრულდეს და მივიღოთ გარკვეული მოგება, ციფრებიც დაასახელეთ. გაუგებარია, როგორ შეიძლება, მოგება აქციონერებს შორის განაწილდეს პროექტის დასრულებამდე – გნებავთ ბუღალტრულად და გნებავთ რეალურად.

მოგება არის ის, როდესაც კონკრეტული კომპანია ვალდებულებას ბოლომდე ასრულებს, ყველა ვალდებულებას ისტუმრებს, ყველა კრედიტორთან აქვს დავალიანებები გასტუმრებული და ამის შემდეგ ხდება მოგების განაწილება და თუ არ ვიცით, როდის დადგება ეს მომენტი, როდესაც მიიღებს ქართული მხარე ამ მოგებას, როგორ შეიძლება მოგება მივიღოთ, მაგალითად წელსვე მივიღებთ მოგებას ან 2026 წელს? ეს ლეგიტიმური კითხვებია. არ მივიღებთ ამ მოგებას, არა იმიტომ რომ არ გვინდა, ვერ მივიღებთ, ეს შეუძლებელია პროექტის დასრულებამდე.

დიდი დრო დაუთმეთ პარტიების მხრიდან ამ პროექტის კრიტიკას. ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის იქნება მომხრე, ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, რაც მეტი ინვესტიცია შემოვა, მით უკეთესი, არასდროს ვიქნებით ქსენოფობიის მომხრე. საქართველოში დღეს პრობლემა ის კი არ არის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში უძრავ ქონებას რომ ყიდულობენ. პრობლემაა, რომ თქვენი მმართველობის პირობებში ისტორიულად მაღალია სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, რომელიც 700 ათასს აჭარბებს. თქვენი მმართველობის პირობებში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება, გვაქვს უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი. თქვენი მმართველობის პირობებში ყველაზე მეტი ადამიანი გარბის ქვეყნიდან ემიგრაციაში, იმიტომ რომ შეუძლებელია, მათ აქ იპოვონ შესაბამისი რესურსი საკუთარი ოჯახების სარჩენად.

რაც შეეხება ინვესტიციის სტრუქტურას, გვაინტერესებს ეს 6,6 მილიარდი დოლარი როგორ არის განაწილებული, მაგალითად, რა წილი აქვს ამ ინვესტიციაში საბანკო სესხებს, არის თუ არა გათვალისწინებული, რომ ინვესტორმა აიღოს სესხი და ეს არ იყოს მისი პირადი შენატანი კაპიტალში. რა წილი აქვს უშუალოდ უცხოურ ინვესტიციას და რა წილი აქვს წინასწარ გაყიდვებს. უნდა გვესმოდეს, რომ თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი არის გაცილებით ნაკლები, მაშინ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ინვესტიციებზე და ვსაუბრობთ სრულიად სხვა მოდელზე„, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.