გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 37-ე ყოველწლიურ ასამბლეაში მონაწილეობს

გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიორგი კახიანი, ანდორის სამთავროში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 37-ე ყოველწლიურ ასამბლეაში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ეკონომიკურ გამოწვევებს, დასაქმების პრობლემებსა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ახალგაზრდობის ჩართულობას შეეხო.

ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელმა კრიზისებმა (კონფლიქტები უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, რეგიონული არასტაბილურობა) გამოავლინა ფრანგულენოვანი ქვეყნების ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერებისა და პარტნიორობის დივერსიფიკაციის აუცილებლობა; ახალგაზრდების როლი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა მათი მობილობის, ტრენინგისა და დასაქმების პოლიტიკის გაძლიერება.

დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია, ხელოვნური ინტელექტის როლი ინკლუზიური ზრდის მიმართულებით.

სხდომაში მონაწილეობას იღებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრი 150-ზე მეტი დელეგატი ევროპის 24 ქვეყნიდან და რეგიონიდან.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.