გიორგი ბარათელმა 2012 წლის შემდეგ მოყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს, ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, თბილისის ზღვაზე ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა - რუსუდან შარაძე

რუსუდან შარაძე

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე მისმა შვილმა, რუსუდან შარაძემ ისაუბრა.

რუსუდან შარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ გიორგი ბარათელმა მოყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს და სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა.

რუსუდან შარაძის განმარტებით, ბარათელმა თქვა, რომ არ იცოდა, თუ ცოცხალ კაცზე აიძულებდნენ მკვლელობის დაბრალებას, რადგან გურამ შარაძე იმავე დღეს, საღამოს მოკლეს.

„მკვლელმა მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა და ამას შეესწრო ჩემი მეგობარი. ჩემი მეგობარი „არკის“ უკან იდგა და უყურებდა, რომ ვიღაც კაცი ძირს არის, ზემოდან დაადგება მკვლელი, ახდენს ორ საკონტროლო გასროლას და ეგრევე ავარდება შანიძეზე. ჩემმა მეგობარმა მთელი შანიძის ქუჩა, პეტრიაშვილამდე სდია შორი ახლოს, ამასობაში გზად უკვე დაინახეს ჩემი მშობლების მეგობრებმა. ოფიციალური ვერსიითაც და მოწმეებიც ამბობენ, რომ უკან მისდევდა ერთი პოლიციელი, შემდეგ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო ლევან ბოჭორიშვილი, ცრუ მოწმე. ასევე ცრუ მოწმე, რობერტ პანიევი, რომელიც მელიქიშვილზე დარჩა ცოტახნით, ვიდრე ხიზანიშვილი მობრძანდა და შემდეგ ისევ დაედევნა თავის მეწყვილე ბოჭორიშვილს. მოკლედ, უკან მისდევს ორი პოლიციელი ვითომ ბარათელს. ნამდვილი მკვლელი შევარდება ჯერ შანიძის ქუჩის 10-12 ნომერში, ხორავას ეზოდან გამორბის, შემდეგ პეტრიაშვილისკენ მირბის და სანამ ჩიხში არ შევიდა, და უკან პოლიცია არ მისდევდა პეტრიაშვილზე, იქამდე უყურა ჩემმა მეგობარმა. ამის მერე მოვიდა პოლიცია, ჩადგა გზაჯვარედინზე მანქანით. მჟავანაძის სახლის უკან ჩიხია, მკვლელი იქიდან გავიდა სამშვიდობოზე. ეს ისეთი სცენარია, ფანტასტიკის სფეროა, ალბათ ვინც არ იცის სააკაშვილის რეჟიმი და ვისაც არ მოუსმენია თქვენი სხდომები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ოფიციალური ვერსია ამაზე უფრო ფანტასტიკად ჟღერს. ამ დროს გამოიყვანეს ბარათელი შანიძის და ხორავას კუთხეში, იქ ნახეს მოწმეებმა, რომლებიც მას იცნობენ და მიესალმენ. წესით, ბარათელი უნდა გარბოდეს, ორმხრივ სროლაში და უკან მოსდევდეს პოლიცია. გიორგი ბარათელმა უკვე 2012 წლის შემდეგ მოყვა, რომ 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. მან თქვა, რომ უკვე მოკლული მეგონა, არ ვიცოდი, თუ ცოცხალ კაცზე მაიძულებდნენო. ამის შემდეგ წაიყვანეს, ჩაკეტეს ფარეხში და ელოდებოდნენ შესაბამის დროს, რათა გამოეყვანათ და მიეყვანათ იქ, სადაც მკვლელმა გაირბინა“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.