გიგა ფარულავა: მავნებლური, უმძიმესი დანაშაული ვიხილეთ, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა, რევოლუციური სცენარები ჩვენთვის მიუღებელია, მთავარი პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებაა

გიგა ფარულავა

მავნებლური და უმძიმესი დანაშაულები ვიხილეთ, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა. რევოლუციური სცენარები ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებაა.

„მავნებლური და უმძიმესი დანაშაული ვიხილეთ. ფაქტია, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა და პროვოკაციული რევოლუციური სცენარები არის ქმედებები, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელია, ჩვენს მტრებს ახარებს. მსგავსი ტიპის დანაშაულები და ქმედებები ხელსაყრელია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებაა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, მისი ქმედება კი პროტესტის გააზრებული ფორმა იყო.

პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა. პროკურატურის განმარტებით, წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ასევე ვიდეომასალა გაავრცელა.