გია ვოლსკი: თინა ხიდაშელის გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან

გია ვოლსკი

თინა ხიდაშელის ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

„ასეთი განცხადების ამოცანაა, რომ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ. ამ ამოცანას რეალური წინაპირობა არ აქვს, ამ სიცრუეზე ვერავინ წამოეგება. არ შეიძლება, ირანული გავლენა იყოს, არ და ვერ დაიშვება. ეს მაშინ არ იყო წარმოუდგენელი, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი, კანდელაკი და მათი გუნდი იყო. რასაკვირველია, ნებისმიერი გადაცდომა აღკვეთილი იქნება. დღეს მთავარი სამიზნეა, როგორმე საქართველოში დააპირისპირონ შიიტი და სუნიტი, ეთნიკურად ქართველი მუსლიმი არაქართველ მუსლიმთან, მართლმადიდებლობას დაუპირისპირონ სხვადასხვა კონფესიები. ამის მცდელობა მუდმივად მიმდინარეობს. ახლა ახალი ძალით წამოიწია, ისევ დღის წესრიგში დადგა, რათა როგორმე საქართველოში ბომბები ჩამოვარდეს, რა წყაროდან იქნება გამოშვებული, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, როგორმე შიდა დაპირისპირებების ისეთი გარემო შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს მოარყევს. მათი მცდელობები უნდა იყოს განხილული, როგორც ბოროტების მანიფესტაცია, რომელიც უნდათ, რომ საქართველოში განხორციელდეს. თინა ხიდაშელს რაც შეეხება, მისი ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.