საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს
1762272671
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებით არ მომზადებულა, არამედ მათ მიერ დანაშაულების ჩადენა საზოგადოების თვალწინ ხდებოდა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ დანაშაულებს ახორციელებს.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემოქმედებაა ის კანონი, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს. მაშინ იყვნენ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები და ჩართული ამ საკითხებში. შემდეგ ის კანონი გააძლიერეს, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს ეხება. „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და შემდეგი მოქმედება, რომელიც უპირისპირდება ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს მართვის სისტემას, არასწორი, დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს, კონსტიტუციური მმართველობის დამხობას. შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის, პოლიტიკური გემოვნებიდან. სამწუხაროდ, დანაშაულები ჩვენ თვალწინ ხდებოდა. ახალგაზრდებს ის უზარმაზარი ტკივილი არ უნახავთ, რაც ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურად არაერთმა ქართულმა ოჯახმა განიცადა. აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაც არსებობს, კონკრეტული დადგენილება, კონკრეტული ფორმულირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.