ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რომ საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო, კანონი უზენაესია, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობის პირია - პაატა სალია

პაატა სალია

ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რომ საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო, – ამის შესახებ  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.

სალიას თქმით, ნებისმიერი პირი ვალდებულია, კანონი დაიცვას და თანამდებობის პირს მნიშვნელობა არ აქვს.

„მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია თითოეული მოქალაქის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა, თუ პრემიერ-მინისტრი. ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს, რადგან დანაშაული ჩადენილია. ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს სუსში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.