გენერალური პროკურორის შერჩევის წესი იცვლება - "პროკურატურის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილები პარლამენტში უკვე ინიცირებულია

პროკურატურა

გენერალური პროკურორის შერჩევის წესი იცვლება - "პროკურატურის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა. არსებული წესით, საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურას არასამთავრობოები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები არჩევდნენ, პარლამენტს კი საპროკურორო საბჭო წარუდგენდა.

ახალი წესით კი საბჭოს წევრები თავადვე დაასახელებენ პროკურორობის კანდიდატებს და ხმათა უმრავლესობით თავადვე გადაწყვეტენ, ვინ წარუდგინონ საკანონმდებლო ორგანოს.
განისაზღვრება პროკურორის შერჩევის ახალი ვადაც - ერთი თვის ნაცვლად, იქნება ერთი კვირა.

"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს წარადგენს საპროკურორო საბჭო და შემდეგ ირჩევს პარლამენტი... რეალურად აღრეული გვაქვს ერთმანეთში წარდგინების და წარდგენის, შერჩევის და არჩევის პროცედურები. რეალურად, კონსტიტუციური სტანდარტია, როდესაც ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს ამა თუ იმ კონსტიტუციურ ორგანოს, კანონქვემდებარე ან კონსტიტუციაზე უფრო დაბალი ნორმატიული აქტით, კანონით არ არის შესაძლებელი, არც მიზანშეწონილი და არც სამართლებრივად სწორი, რომ დამატებითი შერჩევის მექანიზმი იყოს გამოყენებული. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, ექნება შესაძლებლობა, დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი, ამ კანდიდატებს რა თქმა უნდა, მოუსმენენ საბჭოში, უყრიან კენჭს ღია წესით და ის ადამიანი, რომელიც დააგროვებს შესაბამის ხმებს და ყველაზე მეტი მხარდაჭერა ექნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუციური წესრიგი იქნება აღდგენილი, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც არ არიან კონსტიტუციით განსაზღვრულები, აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერიონ გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის პროცედურაში, რომელიც გათვალისწინებულია, სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მათ შორის, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც გარედან ჩარევის თვალსაზრისით მოგვახვიეს თავს და მათ შორის, შეგვიძლია გავიხსენოთ, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის კანონპროექტიც, მათ შორის მიშელის შეთანხმებაც, სადაც პირდაპირ გარედან მედიატორად წოდებულმა ადამიანმა, ისე რომ არც ერთი პოლიტიკური აქტორისთვის საქართველოში არ იყო საჭირო და არც არავის გონებაში არ მოსვლია, გენერალური პროკურორის არჩევის განსხვავებული კვორუმი შემოგვთავაზეს და კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანაც კი იყო დავალდებულებული.“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.