გეკა გელაძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს

გეკა გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შსს-ს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია და ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

„იმ სწორი ნარკოპოლიტიკის, საკანონმდებლო ინიციატივების და სწორი საპოლიციო ღონისძიებების შედეგია, რაც დღეს პრემიერმა გააჟღერა. ამ [ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით] მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აღსრულების პროცესი უკვე დაწყებულია.

ეს არის როგორც გამშვები პუნქტების, ისე საჰაერო, თუ ტერმინალების მიმართულებით და ძალიან ბევრი სიახლე გვექნება რამდენიმე თვეში. ეს სტატისტიკაც აუცილებლად შემცირდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 ადამიანი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის კი 226 ადამიანი. ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკები- 298 კილოგრამი ჰეროინი და 34 500-ზე მეტი აბი მეტადონი.