ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის ვიზიტი საბერძნეთში გრძელდება.

"დელფოსის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს პირველმა დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში თემაზე - "დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ "ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე".

მაკა ბოჭორიშვილმა, თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს დაუთმო.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოზე.

"ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ საერთო საჭიროებები და უსაფრთხოების საერთო ინტერესები გაგვაჩნია. თუ გადავხედავთ 2008 წელს და მანამდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ცხადი ხდება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამავდროულად, საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განიხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად. დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს, უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის.

ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს - ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური გარემოსა, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე, ასევე მოვახერხეთ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას.

ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანია,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

დელფოში იმყოფებიან გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, ყოფილი ევროკომისარი დიმიტროს ავრა - მოპულოსი და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი. სამუშაო ვახშმის დაწყებამდე, მაკა ბოჭორიშვილსა და მარტა კოსს შორის შედგა კომუნიკაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე სახელწოდებით - "ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“. მინისტრი ასევე, მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის რეგიონულ და გლობალურ სისტემაში.