ევროკავშირის პოლიტიკას და იმ მიდგომებს, რომელიც მათ გააჩნიათ, თავად ევროკავშირი მიჰყავს ჩიხში და დაღუპვამდე - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

ევროკავშირმა რუსული ნავთობის აკრძალვის განხილვა უვადოდ გადადო.

ირკვევა, რომ წევრი სახელმწიფოები კვლავ გააგრძელებენ რუსული ნავთობის შესყიდვას და უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი ფულით რუსული ომის მანქანის დაფინანსებას. თუ წლების განმავლობაში ბრიუსელი ნავთობის შეძენის გამო სახელმწიფოებს აკრიტიკებდა და მათ ომის დაფინანსებაში ადანაშაულებდა, დღეს, ევროკომისიაში, მიღებული გადაწყვეტილების მიზეზს ან სავარაუდო ვადებს, სადამდე გააგრძელებს ევრო გაერთიანება რუსული ნავთობის შეძენას, ვერ ხსნიან.

აღნიშნულ საკითხს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს, ევროკავშირის პოლიტიკა არათანმიმდევრულია.

"მეოცე სასანქციო პაკეტში იგეგმებოდა ყულევის ტერმინალის შეტანა იმის გამო, რომ ჩვენ გვაბრალებდნენ თითქოს სანქცირებულ ნავთობ პროდუქტებს ვიღებდით. მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს თავისი ინტერესების დაცვას, ისე, როგორც ის საჭიროდ მიიჩნევს - შეაჩერა იმპორტთან დაკავშირებით აკრძალვა რუსულ ნავთობზე, მაშინ, როდესაც თავად ის ევროპული ფული, რომელიც მიედინება ამ ენერგო რესურსებისთვის, ფინანსდება ის სამხედრო მოქმედებები, რომელსაც ვხედავთ უკრაინაში.

მათი პოლიტიკა არის არათანმიმდევრული და ჩვენ ამას სულ ვუსვამდით ხაზს. ევროკავშირის პოლიტიკას და იმ მიდგომებს, რომელიც მათ გააჩნიათ, თავად ევროკავშირი მიჰყავს ჩიხში და დაღუპვამდე, ამიტომ ეს არის სრულიად მიუღებელი," - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.