ევროკავშირის ელჩს და ზოგადად ბიუროკრატიას, მართებს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობასთან დაკავშირებით - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

"ევროკავშირის ელჩს და ზოგადად ბიუროკრატიას, მართებს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩმა კონკრეტულად უნდა თქვას, ემიჯნებიან თუ არა 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ჩატარებას და მცდელობას, რომ სახელმწიფო დაემხოთ რევოლუციური გზით.

"ევროკავშირის ელჩს და ზოგადად ბიუროკრატიას, მართებს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობასთან დაკავშირებით. დამხობის მცდელობაზე და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობაზე მაქვს საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ მათმა პრეს სპიკერმა პირდაპირ წაახალისა რამდენიმე დღით ადრე მოძალადეები და პირდაპირ სოლიდარობა გამოუცხადა დამხობის აქციას. თუმცა, ჩვენ ვერცერთი ევრობიუროკრატისგან და ვერც ბატონი ელჩისგან ვერ მოვისმინეთ ნეგატიური კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ბატონი ჰერჩინსკი რაღაც ბუნდოვანი, ორაზროვანი ფრაზებით შემოიფარგლა, მაგალითად გუშინაც, როდესაც იგი ამბობს, რომ გმობს ძალადობას ყველა მიმართულებით. მან კონკრეტულად უნდა თქვას, ემიჯნებიან თუ არა 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ჩატარებას და მცდელობას, რომ სახელმწიფო დაემხოთ რევოლუციური გზით. ევრობიუროკრატებმა, სპიკერი იქნება ეს ევროკომისიის თუ რომელიმე კომისარი იქნება, კონკრეტულად უნდა თქვას, ემიჯნება თუ არა 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.