ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა ყოველთვის არის მასპინძელი მომწვევი მხარის მთავრობის პრეროგატივა - გიორგი შარაბიძე

გიორგი შარაბიძე

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს მმართველი გუნდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას. დიპლომატიურმა მისიამ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ქართლ სამოქალაქო ორგანიზაციებს აფინანსებდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ექსტრემიზმს ახალისებენ, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, ეუთო/ოდირის მოწვევა ქვეყანაში სრულად სცდება საელჩოს უფლებამოსილებას.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა ცესკო-შიც.

“უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა ყოველთვის არის მასპინძელი მომწვევი მხარის მთავრობის პრეროგატივა, შესაბამისად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არავითარი უფლებამოსილება ამ ნაწილში არ გააჩნია, თუმცა ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან ირთვება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ჩარჩო, იმისთვის, რომ ნებისმიერ მსურველს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიას ცესკო-ს მიმართოს და თუ ისინი აკმაყოფილებენ კანონის მოთხოვნებს, დააკვირდნენ არჩევნებს“, - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.