ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა! - მომდევნო დღეებს ამინდის პროგნოზი
1761248745
"ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა არა სხვა თანამდებობის პირებთან თანამშრომლობის, არა მათთან რაიმე დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის ან ბიზნეს ტერორის გამო, არამედ მას ბრალი წარედგინა კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ პერიოდში, როდესაც პირველი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ დატოვა თანამდებობა და გადავიდა კერძო ბიზნესში", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის დიდი ოდენობით თანხა, რომელიც გამოძიებამ ამოიღო, არის სწორედ მისი კერძო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი.
"თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში მას ურთიერთობა ჰქონდა სოლიდურ ჩინურ კომპანიასთან, საიდანაც ჰქონდა საკმაოდ სოლიდური შემოსავლები. ამ ბიზნესის წარმოების დროს, როდესაც მეორედ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და რა გარემოებებში მოხდა ეს ყველაფერი - ეს არ იყო მისი მიზანი და არც სურვილი, თუმცა მოხდა. არავინ აიძულებდა, მაგრამ ეს მოხდა, თუმცა, მისი ნების გარეშე მსგავსი გადაწყვეტილება ვერ განხორციელდებოდა.
ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნეს წარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესით შემოსული თანხები, ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება. ამ პერიოდს მოიცავს წარდგენილი ბრალი და სწორედ ამ ნაწილს აღიარებს ის.
ძირითადად საუბარია ღვინის ინდუსტრიაზე და იმ ღვინის ქარხნებზე, რომლის ხელმძღვანელი არის მისი მამა - ტარიელ ღარიბაშვილი", - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებების შესრულება: საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.
გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
იქამდე, პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.