1774906632
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სხდომაზე „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლობრივად წარადგინა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებების პროექტს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის 4 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშვნას ითვალისწინებს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე -„საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ისაუბრა.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების პროექტი ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების ვადის საკითხს უკავშირდება.
კომიტეტის წევრებმა წარდგენილი კანონპროექტების მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.










