ეკა სეფაშვილი: „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიების გარდა, სადაც თავმოყრილია აგენტურა, საქართველოში კიდევ 800 ადამიანი მოიძებნა, რომელიც პარტიასთან კავშირს უარყოფს, მაგრამ მზად არის ფულის სანაცვლოდ ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედოს

ეკა სეფაშვილი

ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული ე.წ. ჟურნალისტური ქსელის შესახებ მედიასთან ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში მყოფი პარტიების გარდა, სადაც ძირითადად აგენტურაა თავმოყრილი, მოიძებნა კიდევ 800 ადამიანი, რომელიც პარტიასთან კავშირს უარყოფს, მაგრამ მზად არის ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედოს.

„ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებმა საზოგადოებას მართლაც შოკის მომგვრელი ფაქტები ამცნეს. როგორც აღმოჩნდა, 18 მილიონი ლარის მოცულობის თანხა სხვადასხვა ევროპული ფონდების საშუალებით გადმოირიცხა საქართველოში იმ ადამიანების დასაფინანსებლად, რომლებიც უცხო ქვეყნების აგენტები არიან და მათ დავალებებს ასრულებენ. ხალხი, რომელიც ამ პროექტში იღებს მონაწილეობას, ვითომდა ჟურნალისტების სახელით, უცხოური ძალებისგან იღებენ დაფინანსებას, დადიან ტრენინგებზე ან თავადვე ატრენინგებენ ხალხს, რომ შემდეგ შექმნან დემაგოგიური, მანიპულაციური ინფორმაცია და მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას იმგვარად, რომ ხალხში გამოიწვიოს გაღიზიანება. ეს არის მათი ძირითადი ამოცანა და ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვთ. როგორც აღმოჩნდა, მათ წინასწარ ჩაუტარებიათ კვლევა, იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ქართული საზოგადოება სოციალური მედიის საშუალებებს და როგორ ემორჩილება მას და სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით შეიმუშავეს სტრატეგია.

უარყოფითი კი ის არის, რომ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიების გარდა, სადაც ძირითადად თავმოყრილია უცხოური ქვეყნების აგენტურა, კიდევ 800 ადამიანი მოიძებნა, რომელიც ვითომდა პარტიასთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ მზად არის ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედოს. დადებითი კი ის არის, რომ ამდენი ადამიანის ჩართულობის მიუხედავად, ვერ შეძლეს თვისობრივი გარდატეხის მოხდენა ქართულ საზოგადოებაზე. გავლენა, რა თქმა უნდა, არის. სირაქლემის პოზიციაში არ ვიქნები და არ ვიტყვი, რომ არაფერი ცუდი არ მომხდარა. რასაკვირველია გავლენას ახდენენ, ქმნიან ცრუ აღქმებს, რომელიც ან ძალიან მოკლე ვადიანია ან ხალხის ვიწრო წრეზე ვრცელდება.

იმის მაგივრად რომ ხალხმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა ვიფიქროთ, რა უჭირს ხალხს, რა პრობლემები აქვთ, რა გამოწვევები და ვეძებოთ გადაჭრის გზები, ამის მაგივრად ვუნდებით მათ მიერ გავრცელებული ყალბი ნარატივების და ყალბი აღქმების გაქარწყლებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.