ეგ არის ყურით მოთრეული ბოდვა, რომელზე ლაპარაკსაც არ ვაპირებ - ალეკო ელისაშვილი ხაზარაძის ოჯახის ქონების გაქირავებაზე

ალეკო ელისაშვილი

მამუკა ხაზარაძის მეუღლისა და გერმანიის ელჩის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური დისკუსია გრძელდება- "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც შალვა პაპუაშვილმა დაწერა, არ არის დამაჯერებელი ვერსია, რომ ბანკირმა არ იცოდა საშემოსავლო გადასახადი თავად რომ უნდა გადაეხადა და არა ელჩს, რომელსაც ბინა მიაქირავეს.

ამ საკითხის გარდა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში დაისვა კითხვა, შეიტანა თუ არა პოლიტიკოსმა კონტრაქტი დეკლარაციაში და გააუქმებს თუ არა მასთან ხელშეკრულებას დიპლომატიური წარმომადგენლობა - მამუკა ხაზარაძემ გუშინ თავად წერილით უპასუხა თემის გარშემო დასმულ კითხვებს. განაცხადა, რომ ბიუჯეტში გადასახადის საკითხი წინა კვირაში აღმოაჩინეს, რაც წყაროსთან დაბეგვრ-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია.  მისივე სიტყვებით, დავალიანება გასტუმრებულია და საკითხი ამით ამოიწურა.

კოალიცია "ძლიერ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ ეს ყურით მოთრეული თემაა.

"ეგ არის ყურით მოთრეული ბოდვა, რომელზე ლაპარაკსაც არ ვაპირებ. ხაზარაძის ამბავი არის ღიმილისმომგვრელი, მითუმეტეს თვითონ გააკეთა განმარტება და უკვე ნათელია ყველასთვის ყველაფერი“, - აცხადებს პარტიის ”მოქალაქეები” დამფუძნებელი, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.