"ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ დღეს, რომ ლუქსემბურგიდან გაკეთებულიყო ობიექტური შეფასებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების" - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

"ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ დღეს, რომ ლუქსემბურგიდან გაკეთებულიყო ობიექტური შეფასებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების, თუკი საქართველო იყო დღის წესრიგში", - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეხმაურება საკითხს, რომ ევროპელ ლიდერებს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმი არ დაუგმია.

როგორც "ღამის კურიერის" ეთერში, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველოზე  სრულიად უსამართლო ზეწოლა მიმდინარეობს.

"ძალიან ნიშანდობლივია ესეც, თუ რაზე ხდება აქცენტების გაკეთება და ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ დღეს, რომ ლუქსემბურგიდან გაკეთებულიყო ობიექტური შეფასებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების, თუკი საქართველო იყო დღის წესრიგში. დახურულ შეხვედრაზე ვინ რა ისაუბრა, ამაზე რთულია საუბარი, რომელმა მინისტრმა რა თქვა დახურულ შეხვედრაზე და რამდენად იყო ობიექტური ეს დისკუსია, თუმცა, ჩვენ ვხედავთ ცხადად, რომ მცდელობები იმ ადამიანებისა, იმ კონკრეტული წრის, რომლებიც ცდილობენ მუდმივად დახატონ საქართველოზე ძალიან ცუდი და ნეგატიური სურათი, ძალიან დიდია და ესენი არიან ყოველთვის უფრო აქტიურები, უფრო ხმამაღლა მოსაუბრეები და ქმნიან საქართველოსგან ერთგვარ მტრის ხატს.

ინტერესები შეიძლება არსებობდეს, ცოტა ისტორიასაც თუ გადავხედავთ, საიდან იწყება ეს ყველაფერი და რას უკავშირდება. არ მინდა მძიმე ბრალდებები დავიწყო, თუმცა ძალიან დიდწილად უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ის სრულიად უსამართლო ზეწოლა, რაც საქართველოზეა, ფაქტიურად, საინფორმაციო ომის პირობებში გვიწევს მუშაობა და ამ პირობებში გვიწევს ჩვენი სიმართლის მტკიცება, მაშინ, როდესაც არის ხალხი, რომელსაც საერთოდ არ სურს არანაირი სიმართლის მოსმენა. ყველამ ძალიან კარგად იცის, ყველა ძალიან კარგად ხედავს. ეს ხომ ცხადია, ამაზე როგორ შეიძლება სხვა შეფასება გაკეთდეს და სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ საკუთარ თავებს. ჩვენ ვნახეთ, ევროპარლამენტარების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სუს-ის სპეცოპერაციაში მიუღია იმ ხალხს მონაწილეობა. იმ ხალხის ადგილას გავბრაზდებოდი, როდესაც გულანთებული მივდივარ ხელისუფლების დასამხობად და მერე მეუბნებიან, რომ ეს შენი გულანთებული აქცია თურმე სუს-ის მოწყობილი ყოფილა", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.