ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ - თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე

თენგიზ შარმანაშვილი

მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის განცხადებას ჰიბრიდული ომის ნაწილად აფასებს. "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში თქვა, რომ ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი.

"შეუძლებელია, მას არ ესმოდეს, მისი განცხადება რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის. ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალოდ წამოძახილი, ვიფიქრებდით, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება. დაადანაშაულო ქართული მხარე იმაში, რომ ჩვენები იმ პერიოდში, 1993 წელს მასობრივ დახვრეტებს აწარმოებდნენ და ისინი თავზე ხელს უსვამდნენ ჩვენ ტყვეებს თუ მშვიდობიან მოსახლეობას, არის აბსოლუტური ტყუილი.

თუ ეს ასე გონია ბარამიძეს, შეუძლია, წავიდეს და ჰკითხოს, ვთქვათ, გაგრელებს, იქ რა ხდებოდა, როდესაც გაგრა აიღეს. შეუძლია, წავიდეს და ჰკითხოს იმათ ოჯახებს, ვინც ბოლო წუთებში დახვრიტეს სოხუმში, როდესაც სოხუმი აიღეს. ამ ფონზე, გამოხვიდე და ხელში მისცე ეს კოზირი... თუმცა, რა მიკვირს, როდესაც იმ ცნობილ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც 2008 წელს ქართული ჯარი დაადანაშაულეს, რომ ადამიანის უფლებების მასობრივ შელახვას აწარმოებდა და ისროდა. ეს არის უზარმაზარი პროვოკაცია და აქ არაფერ შუაში არ არის არც პოლიტიკური ოპონირება და არც არაფერი. მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.