ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული - ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართოს ძალადობას - დიდი ბრიტანეთის ელჩი

მარკ კლეიტონი

ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„შემიძლია გავიმეორო ის, რაც ჩემმა ევროპელმა კოლეგამ გუშინ თქვა - ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული. ვაცნობიერებ, რომ ამ მომენტში საქართველოში სენსიტიური პერიოდია. არის გულწრფელი ძლიერი გრძნობები უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, თუმცა ანალოგიურად არის მთავრობის ძლიერი პოზიცია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართოს ძალადობას“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია“.