დღემდე მიმდინარეობს ოჯახის სიწმინდის დღის აბუჩად აგდება და გაქილიკება, რაც მიუღებელია - გიორგი გაბუნია

გაბუნია

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ამხელა შეკრება მოხდა და დღემდე მიმდინარეობს ამ დღის აბუჩად აგდება და გაქილიკება, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ დამფუძნებელმა გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„პროტესტის პროცესში გამოიკვეთა ძალიან საშიში ტენდენცია. ხდება მცდელობა, შეეხონ ისეთ ფუნდამენტურ ეროვნულ ფასეულობებს, როგორიც არის ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია და ამის არაერთი სამწუხარო მაგალითი ვიხილეთ. ყველაზე სამწუხარო და გულსატკენი ამ პროცესში არის ის, რომ ეს ყველაფერი იფუთება ისე, რომ თითქოს ეს ხდება ახალგაზრდების მიერ, ახალგაზრდების სახელით. არადა ჩვენი ეკლესია ზუსტად რომ ახალგაზრდებზე დგას“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.