დავით ქართველიშვილი მთავრობის განცხადებაზე: ე.წ. ოპოზიციამ შერჩევითი კითხვა იცის და იმ წაკითხულიდან აზრის გამოტანა ძალიან უჭირს, მაგრამ ეს არ უჭირს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელმაც ჯეროვნად შეაფასა დაბალანსებული განცხადება

დავით ქართველიშვილი

ე.წ. ოპოზიციამ შერჩევითი კითხვა იცის და იმ წაკითხულიდან აზრის გამოტანა ძალიან უჭირს, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადების შესახებ ოპოზიციის ნაწილის კრიტიკული რეაქცია.

ქართველიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით წაკითხულის გააზრება არ უჭირს მოსახლეობას.

„ეს არ უჭირს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელმაც ჯეროვნად შეაფასა დაბალანსებული რეაგირება და განცხადება, რომელიც ფაქტობრივად, სამივე მხარეს შეეხო, სამივე მხარესთან მიმართებით თავისი წუხილი გამოთქვა, იმ ჰუმანიტარული კატასტროფის გამო, დაღუპული მოქალაქეების, ბავშვების გამო როგორც ირანის, ასევე ისრაელის მხრიდან. აქვე მხარდაჭერა აღუთქვა ყურეში შემავალი სახელმწიფოების ლიდერებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ძალიან პრაგმატული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. პატარა ბავშვიც კი გაიგებდა იმ ყველაფერს, რაც იქ წერია, მაგრამ გვაქვს საქმე იმასთან, მათ შორის ამ სასაცილო, მათ ე.წ. ახალ ალიანსთან, რომელიც მეექვსედ შეიქმნა უკვე - მანამდე ხუთჯერ დაიშალა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოხდა ახლა ეს გაერთიანება. დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ ეს

სავარაუდოდ, ახლო მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში მოსალოდნელ მოსმენებს უკავშირდება, რომელზეც ალიანსში შემავალი პოლიტიკური ფიგურანტების მომავალი პოლიტიკური ბედი განიხილება.

„მათ სურთ, რომ მოიპოვონ იურიდიული, ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული უპირატესობა, რომ ამ პროცესების ღია ეთერში წარმართვამდე წარმოჩინდნენ როგორც ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც რაღაც 500-გვერდიან პროგრამაზე მუშაობს, როგორ უნდა გახდეს საქართველოს წარმატებული ევროპული ქვეყანა და ასე შემდეგ.

მეორე მიზეზი - გარე აუდიტორიის წინაშე უნდათ, რომ წარდგნენ როგორც კიდევ ერთი ჩაგრული „ახალი“ ოპოზიციური ალიანსი, რომელმაც ჯერ ვერც დაიწყო პროგრამულ მოსაზრებებზე მუშაობა და აი, უკვე ებრძვიან“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას, სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და მეგობარ ებრაელ ხალხს და სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს.