დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოს ომის უბედურებაში გამოყენება ისევ დღის წესრიგში აქვთ, ახლა დიპლომატიური პასპორტები გააუქმეს, უფრო ღრმად თუ წავლენ, ეს მათივე ინტერესებისთვის იქნება საზიანო

დავით მათიკაშვილი

სამწუხაროდ, საქართველოს ომის უბედურებაში გამოყენება ისევ დღის წესრიგში აქვთ, ახლა დიპლომატიური პასპორტები გააუქმეს, უფრო ღრმად თუ წავლენ, ეს მათივე ინტერესებისთვის იქნება საზიანო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ.

„ქართველ ხალხზე მეტი შანტაჟი რომ განახორციელონ, ხელს რა უშლით? – ახლა დიპლომატიური პასპორტები გააუქმეს, მაგრამ 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს დიპლომატიური პასპორტები საჩუქრად გადასცეს. ეს იმ დროს, როცა საქართველოში ადამიანის უფლებები კი არ ირღვეოდა, არამედ ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და სააკაშვილის რეჟიმს ეს საჩუქრად გადასცეს. ახლა, როცა ვითარება ასი პროცენტითაა შეცვლილი, იმ რესურსებს იყენებენ, რაზეც თავადაც კარგად იციან, რომ ამით ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ. უფრო ღრმად თუ წავლენ, ეს მათივე ინტერესებისთვის იქნება საზიანო. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის და საქართველოს გამოყენება ომის უბედურებაში ისევ დღის წესრიგშია და მცდელობაა, იქნებ ახლა გამოუვიდეთ ეს გეგმა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.