1763237570
დავით მათიკაშვილი: საარჩევნო მარათონისთვის ინფორმირებული არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, თავისუფლად ჩამოვიდნენ და არჩევანი გააკეთონ
საარჩევნო მარათონისთვის ინფორმირებული არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება, სამშობლოში ჩამობრძანდეს, არსებულ პოლიტიკურ მდგენელში კარგად გაცნობიერდეს და ხმა აქ მისცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ეს ცვლილება აპრობირებულია მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში.
„ვფიქრობთ, გადაწყვეტილების ინფორმირებულად განხორციელებაში მსგავსი ცვლილება ხელს შეუწყობს ჩვენს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ. ცვლილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. ეს საკითხი საკუთარ ქვეყანაში, საარჩევნო ურნასთან წყდება, როდესაც თითოეული მათგანი ამა თუ იმ პარტიისთვის ხმის მიცემას გადაწყვეტს. სამი დღით ადრე ჩამოვა, თუ რამდენიმე თვით ადრე, ამას ნუ შევუზღუდავთ, მათ სრული შესაძლებლობა აქვთ, თავის ქვეყანაში მისცენ ხმა. ყველას აქვს სრული შესაძლებლობა, საკუთარ სამშობლოში განახორციელოს საარჩევნო უფლება, რომელიც არის კონსტიტუციით დაცული. ბევრად ინფორმირებული იქნება ეს პროცესი საკუთარ ქვეყანაში, ვიდრე იმ ქვეყანაში, სადაც ეს ადამიანები იმყოფებიან. ყველას ექნება სრული შესაძლებლობა, თავისუფლად ჩამოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და ინფორმირებული არჩევანი აქ გააკეთოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.












