დავით მათიკაშვილი: ხაზარაძემ არ იცის, საბაზრო ეკონომიკა რა არის? თაღლითების მხრიდან ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმა ხდება, კარგი და პროგრესული არაფერი მოსწონთ

დავით მათიკაშვილი

მატყუარებისა და თაღლითების პარტიისგან სხვა რა მოლოდინი გაქვთ? ხაზარაძემ არ იცის, საბაზრო ეკონომიკა რა არის? – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ხაზარაძე აღნიშნავს: „კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს“.

„საზოგადოებამ კარგად იცის, მისი განცხადებები „ჰუალინგზე“ როგორ გამართლდა. ნახეთ, „ჰუალინგში“ ჩინური დასახლება სად არის? ამ განცხადებასაც იგივე ბედი ეწევა. თაღლითების მხრიდან ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმა ხდება და ეს მკაფიო მაგალითია. კარგი და პროგრესული არაფერი მოსწონთ, რაც საქართველოში ხდება, მათ ინტერესებში არ შედის. ანაკლიის პორტზე მათი მცდელობები გაიხსენეთ, როცა გადამხდელების ჯიბიდან მილიარდ-ნახევრის ამოღებას ცდილობდნენ. ასეთი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.