1757870206
დავით მათიკაშვილი: გაფრთხილდნენ ახალგაზრდები, გაფრთხილდნენ მათი მშობლები - არ გახდნენ ბრმა იარაღი ისეთი ძალების ხელში, ვისაც საქართველოს წარმატება და ჩვენი ქვეყნის წინსვლა არ სურთ

ახალგაზრდების საპროტესტო აქციებში ჩართვასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სქემა გაშიფრულია, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირის“ სპერეპორტაჟზე საუბრისას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს იდეები გარედან არის თავს მოხვეული და ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„გამოიყენება სხვადასხვა უნივერსიტეტი, გამოიყენებიან უცხოელი აქტორები, იმისთვის, რომ იგივე მეთოდები, რაც იყო სერბეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც „დიფ სთეითი“ აწყობდა დაძაბულობის კერებს და რევოლუციებს, რაც გლობალურ ძალებს სჭირდებოდა, გადმოიტანონ საქართველოში. გაფრთხილდნენ ახალგაზრდები, გაფრთხილდნენ მათი მშობლები - არ გახდნენ ბრმა იარაღი ისეთი ძალების ხელში, ვისაც საქართველოს წარმატება და ჩვენი ქვეყნის წინსვლა არ სურთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეტალურად გაშიფრული სქემა, თუ როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში და როგორ იმართება ხელოვნური პროტესტი - „იმედის კვირისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ყველა იმ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების, უნივერსიტეტების მფლობელების, ლექტორებისა და რექტორების კავშირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ამ პროცესებს კურირებს. ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად შედგენილი გეგმა, ე.წ. ახალგაზრდული პროტესტით, რომელსაც ტრენინგ გავლილი ახალგაზრდების ჯგუფი მართავს. გაშიფრულია ყველა ტრანზაქცია, რა მეთოდებით იღებდნენ ან იღებენ დღემდე პროტესტის ორგანიზატორები და მონაწილეები თანხას.