დანიის ეკონომიკის მინისტრი: ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე უკრაინისთვის „რეპარაციული სესხის“ გაცემის დეტალები განიხილეს

დანიის ეკონომიკის მინისტრი

ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე უკრაინისთვის „რეპარაციული სესხის“ გაცემის დეტალები განიხილეს, – ამის შესახებ დანიის ეკონომიკის მინისტრმა, სტეფანი ლოსემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საბჭოში საკითხთან დაკავშირებით განხილვები გრძელდება.

„გუშინდელ ვახშამზე უკრაინისთვის ევროკავშირის ახალი დაფინანსების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით პროგრესს მივაღწიოთ“, – აღნიშნა დანიის ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, სტეფანი ლოსეს განცხადებით, „ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან, ქვეყნისთვის ახალი დაფინანსების უზრუნველყოფა კი ევროპის პირდაპირი პასუხისმგებლობაა“.

„ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა „რეპარაციის სესხის“ შესახებ, ევროკომისიის წინადადებასთან, განსაკუთრებით ფინანსურ დეტალებთან დაკავშირებით. განვიხილეთ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები, ზუსტად როგორ იმუშავებს ეს სესხი. არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებსაც გარკვეული შიში აქვთ“, – აღნიშნა დანიის ეკონომიკის მინისტრმა.

სტეფანი ლოსე იმედოვნებს, რომ ევროპის საბჭო გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს.