„ბოიკოტს ბოიკოტისთვის არ ვემხრობით. მნიშვნელოვანია საკრებულოს წევრის მანდატი და ფუნქცია მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, არ ვემხრობით ბოიკოტს“ - ტატა ხვედელიანი

ტატა ხვედელიანი

"ბოიკოტს ბოიკოტისთვის არ ვემხრობით და ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე", - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.

კითხვაზე - საკრებულოს მანდატის მიღების შემთხვევაში, ბოიკოტს ხომ არ გამოუცხადებენ საკრებულოს მუშაობასაც, ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრის მანდატი და მისი ფუნქცია მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ პარტია ბოიკოტს არ ემხრობა.

"უნდა გავითვალისწინოთ საარჩევნო კონტექსტი. არჩევნების ჩატარებას, შედეგებს უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ შევძლებთ, რომ ამაზე ვისაუბროთ. ბოიკოტს ბოიკოტისთვის არ ვემხრობით და ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე.

საკრებულოს მანდატი, პირველ რიგში, გვანიჭებს პასუხისმგებლობას, ვიყოთ ანგარიშვალდებულები ჩვენს მოქალაქეებთან იმ ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს.

ძალიან მნიშვნელოვანია საკრებულოს წევრის მანდატი და მისი ფუნქცია მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, არ ვემხრობით ბოიკოტს. პარლამენტთან შედარებით საკრებულო არ არის პოლიტიკური ორგანო. საკრებულოში ძალიან მნიშვნელოვანია კომისიების მუშაობა.

რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ და ვიქნებით ყველგან, სადაც მოქალაქეებს დავჭირდებით და იქ, სადაც ეფექტიანად შევძლებთ მოქალაქეებისთვის პრობლემების გადაწყვეტას", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.