არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური დააკავეს
1758103555
ბათუმში ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება. ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბათუმისა და მთლიანად აჭარის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია სახელმწიფოსადმი კერძო სექტორის ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„ეს თანამედროვე სტანდარტების პროექტი იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გაამდიდრებს ბათუმის იერსახეს და ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას. ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი მხრიდან მომავალშიც მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება ამ ორი სექტორის განვითარებას. მივესალმებით ნებისმიერ ასეთ შთამბეჭდავ კერძო ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სექტორების და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ 1 500 ადამიანი იქნება დასაქმებული პროექტში უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე, ხოლო დასრულების შემდეგ 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და „ორბი ჯგუფს“ პროექტის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ორბი ჯგუფის“ ახალი სასტუმრო კომპლექსის, ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ.
ღონისძიების დასასრულს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.
„ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსი ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე აშენდება. კომპლექსი 55 და 37-სართულიანი ორი ცათამბჯენისგან შედგება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.