ეს ბევრმა არ იცის: თუ ლოცვას სწრაფად კითხულობ - მამა გაბრიელის ეს რჩევა გაითვალისწინე
1752862983
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში დადებითი დინამიკაა, მიგვაჩნია, რომ მშვიდობის გზაზე კარგი პერსპექტივები გვაქვს, დიდი გზაა გავლილი და გვინდა, ეს წარმატებით გავაგრძელოთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი სომხეთისგან გარკვეულ ნაბიჯებს ელის, მათ შორის, არაფორმალური ჯგუფის გაუქმების მიმართულებით.
„ჩვენ საუბრის დროს გლობალურ პროცესებსაც შევეხეთ, ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომლებსაც გავლენა აქვს ჩვენ რეგიონზე. ჩემს კოლეგას მივაწოდე ინფორმაცია აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ პროცესებზე, მიმდინარე მოვლენებზე. 10 ივლისს აბუ-დაბიში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის შედგა შეხვედრა, მოლაპარაკებები, რის შედეგადაც გვაქვს ჩვენ დადებითი დინამიკა და ჩვენ მიგვაჩნია რომ მშვიდობის გზაზე ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს. აქ ძალიან დიდი გზაა გავლილი და ჩვენ გვინდა, წარმატებით გავაგრძელოთ ეს გზა. თუმცა, ამ გზის დასრულებისთვის გარკვეული ნაბიჯები არის საჭირო, რომელსაც ველოდებით სომხეთისგან. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის მხრიდან სერიოზული მიდგომა იქნება და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ რეფერენდუმის ჩატარება არ იქნება. ამასთან, საჭიროა არაფორმალური ჯგუფის გაუქმების მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. კონფლიქტის შემდგომ ზომებზე, მოვლენებზე ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ.
ამავდროულად ქალბატონ მინისტრს ინფორმაცია მივაწოდე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე, ჩვენი ლტოლვილების დაბრუნების პროცესებზე. ამ პროცესის ფარგლებში ჩვენთვის ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ნაღმების საფრთხე. ზოგადად, ჩვენ ნორმალიზაციის შესახებ საუბრისას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ერთ დღეში ვერ დასრულდება. ამ მიმართულებით საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის სამუშაოების შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ სწორედ თქვენი ინიციატივით თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრა და ჩვენი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ საფეხურზე, უფრო განვითარებისა და გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მინისტრს. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით, გიწვევთ აზერბაიჯანში ვიზიტით“, – განაცხადა ბაირამოვმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.