„აუცილებელია, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდებით“ - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

აუცილებელია, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მისამართით, ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, თუ რეალურად ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, ელის, რომ წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნება.

ღარიბაშვილის თქმით, რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. 

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. ჩვენ წარვდგებით ჩვნი ქვეყნის სახელით. მექნება პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო ათი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე, საუბარი გვექნება ჩვენს შიდა გამოწვევებზე. სიტყვით მიმართვის გარდა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მისამართით, ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველოდები, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის კომენტარსაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

სხვა სიახლეები