1734003706
არსებული სიტუაცია წარმოადგენს უკიდურესად უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ, ვინაიდან პრორუსული არც კანონს სცხია და ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი არ გვახსოვს, რომელიც რუსულ ინტერესებს შეესაბამება საქართველოში - გია ვოლსკი
ეკონომიკურ სანქციებსა და სამხედრო დაპირისპირების თემებზე თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით რადიკალურ ოპოზიციასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია ანტიდასავლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორედაც ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, იმ უშველებელი პრობლემების ფონზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
იგი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, ო'ბრაიანის თქმით, ენტონი ბლინკენის განცხადების საფუძველზე აშშ დასასანქცირებელ პირთა სიას არ გამოაქვეყნებს.
ვოლსკიმ საზოგადოებას სენატში ჯიმ ო'ბრაიანის მოხსენებაც შეახსენა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი ვერანაირ სანქციებს თავს ვერ აარიდებს.
„ორი თემაა - ეს არის ეკონომიკური სანქციები და სამხედრო დაპირისპირება. ამ ორ თემაში თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით რადიკალურ ოპოზიციასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია ანტიდასავლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორედაც ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, იმ უშველებელი პრობლემების ფონზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ საუბარი სანქცირებაზე და მინდა პასუხი გაგცეთ, შესაძლოა, ზუსტად ვერ გითხრათ, რატომ არის სია გამოუქვეყნებელი, ან რა აკავებს მას, მაგრამ ეს არსებული სიტუაცია წარმოადგენს უკიდურესად უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ, ვინაიდან პრორუსული არც კანონს სცხია და მით უმეტეს, ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი, ან რაიმე გადაწყვეტილება არ გვახსოვს, რომელიც რუსულ ინტერესებს შეესაბამება საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში. ამის საპირისპიროდ, 2012 წლამდე შემიძლია ხელისუფლების ათეული ნაბიჯი ჩამოგითვალოთ, რომელიც რეალურად იყო სწორედაც რუსეთის ინტერესებზე მორგებული. აქედან გამომდინარე, მე იმედს გამოვთქვამ, რომ პოლიტსაბჭოს მოწოდებასთან დაკავშირებით, რაღაც რეაგირება შესაძლოა არის, თუმცა ამაზე ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.