არჩილ გორდულაძე ვლადიმერ ხუჭუაზე: მას წარმოდგენა არ აქვს კონსტიტუციაზე და კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული ნორმების არცოდნაში

არჩილ გორდულაძე

დადასტურებულია, რომ მას [ვლადიმერ ხუჭუას] არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე და არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვის წინ იგი არ დაარღვევდა ორგანულ კანონს, არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული უბრალოდ ნორმების არცოდნაში - სადაც ეს ნორმები არ იცის ბატონმა ხუჭუამ, მაშინ რა გარანტიაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იცის ზედმიწევნით? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას.

მისი თქმით, „როდესაც 22-დან 21 მოსამართლე ვერავითარ დარღვევას ვერ ხედავს და მხოლოდ ვლადიმერ ხუჭუა ხედავს, რომლის მეუღლეც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია, ყველაზე რბილად, ეჭვის შეტანის საფუძვლები აქვთ“.

„22-მა მოსამართლემ განიხილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საჩივრები. 22 მოსამართლიდან მხოლოდ ხუჭუამ აღმოაჩინა დარღვევა და მხოლოდ ის აღმოჩნდა სამართლისა და სამართლის უზენაესობის სადარაჯოზე. ამის სასარგებლოდ მეუღლე ტორტის გამოცხობაც კი დაჰპირდა. კატასტროფაა, როდესაც აქამდე არის მისული ეს ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ მოსამართლეა და ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში.

„საქმემ შენმა გამოგაჩინოსო“ - ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს წესით მოსამართლემ. მაგრამ როდესაც 22-დან 21 მოსამართლე ვერავითარ დარღვევას ვერ ხედავს და მხოლოდ ბატონი ხუჭუა ხედავს, რომლის მეუღლეც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია, რომელიც არაერთი მედიასაშუალებით გამოდის, მათ შორის სოციალური ქსელითაც და პირდაპირ თავის პოზიციას აფიქსირებს - ეს მისი უფლებაა, მაგრამ მის მიუკერძოებლობაში, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად ეჭვის შეტანის საფუძვლები გვაქვს.

დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვის წინ იგი არ დაარღვევდა ორგანულ კანონს, არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული უბრალოდ ნორმების არცოდნაში. სადაც ეს ნორმები არ იცის ბატონმა ხუჭუამ, მაშინ რა გარანტიაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იცის ზედმიწევნით?“ - აღნიშნა გორდულაძემ.