არჩილ გორდულაძე გახარიაზე: ერთი მშიშარა ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრული, არ შეუძლია, რომ თვალებში შეხედოს ქართველ ხალხს და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას

არჩილ გორდულაძე

ბატონ გიორგი გახარიას ძალიან გაუგრძელდა შეხვედრები. ნამეტანი მოუცლელი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ახლა და ელემენტარულად თავისი გუნდის წევრებს დაელაპარაკოს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ. გორდულაძე გახარიას „მშიშარა ადამიანს“ უწოდებს.

„ერთი მშიშარა ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრული, არ შეუძლია, რომ თვალებში შეხედოს ქართველ ხალხს და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას. მისი გუნდის წევრები სად გაიქცევიან და სად ვის ეახლებიან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ახლაც არ არიან ეს ადამიანები მზად, რომ ქართველ ხალხს ელაპარაკონ, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვთ. თავიანთ პატრონებთან წავლენ და შეეცდებიან, რომ გარედან გააკეთებინონ განცხადებები, ერთ ნარატივზე დასხდნენ, ისევ ცრუ კამპანიები აწარმოონ“, - აცხადებს გორდულაძე.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ. ფაქტი დაადასტურეს გახარიას პარტიაშიც და ლელოშიც. არსებული ინფორმაციით, პარტიები საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.