ჯანდაცვის მინისტრი: ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა 15 აგვისტოდან შედის ძალაში და სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის

მიხეილ სარჯველაძე

ხვალიდან, 15 აგვისტოდან ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს სახელმწიფო, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან საკმაოდ დიდმა ნაწილმა მიმართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში უფასოდ.

„ამ პირთა რიცხვი შეადგენს 1 512-ს. დაახლოებით 100-მდე ადამიანს ვერ დაერთოთ ნება მომსახურების გაგრძელებაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები. ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. მათ შეეძლებათ, რომ ცალკე, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი შემოწმება და ამის საფუძველზე მიიღება ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

მოგვმართეს ცალკეულ შემთხვევებში პირებმა, რომელთა შესახებ ინფორმაციაც შესაბამისმა კერძო დაწესებულებამ არ დაადასტურა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად. ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც არ მოუმართავთ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ შეგვიძლია თქმა. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც. მაგალითად, პაციენტის და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში არის სხვაობა დოზების შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალურად აღარ შევჩერდებით ამ საკითხებზე. ვიტყვით, რომ 100-ს არ აღემატება ასეთ შემთხვევათა რიცხვი.

მინდა, ვთხოვო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც მიღებული აქვს დადასტურება სახელმწიფოს ცენტრებში მომსახურების მიღების შესაძლებლობაზე, მიაქციონ ყურადღება ცენტრში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევისთვის, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მომართვის პერიოდში, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაირიცხებიან სახელმწიფოს პროგრამაში. ამ მიზნით ცვლილებები იქნება შეტანილი შესაბამის ნორმატიულ აქტში და ხვალიდანვე იქნება მათთვის ასეთი რამ შესაძლებელი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა დავიწყოთ მუშაობა იმ პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვაზე, რომლებიც მუშაობდნენ კერძო ცენტრებში. ასეთ ექიმთა რიცხვი დაახლოებით არის 60, რასაც დაემატება ექთნების კონტინგენტი. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, გავაგრძელებთ მუშაობას ამ სფეროს შემდგომი რეფორმირებისთვის, რაც გულისხმობს საქმიანობის საკმაოდ ფართო სპექტრს, მკურნალობის წარმატებულობისთვის აუცილებელი ზომების დახვეწით დაწყებული, ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებით დამთავრებული.

მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ შეძლონ, დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ჰქვია ნარკოდამოკიდებულება და ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.