არ გვახსენდება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბევრი კრიტიკა, რაც ხაზს უსვამს, რომ, სავარაუდოდ, "ლელოსგან" თანხის მიღებას თანხმდებოდნენ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში თანდათან კიდევ უფრო მწვავდება. "ნაციონალური მოძრაობა" ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ "ლელო" მათ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციისგან ნაკლები კრიტიკის სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდა.

უსამართლო იერიშზე საუბრობენ თავად "ლელოში" და პოლემიკაში შესვლისგან თავს იკავებენ.

მსგავს თავდასხმებს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდზე არასამართლიანს უწოდებენ გახარიას პარტიაში; არაჯანსაღ პროცესზე საუბრობს მმართველი გუნდი და დარწმუნებულია, რომ, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში კრიზისი უფრო გამწვავდება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "ლელოს" მისამართით კრიტიკა ნაკლები იყო, სავარაუდოდ, ისინი აღნიშნული პარტიის მიერ შეთავაზებულს წინადადებას თანხმდებოდნენ.

"უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სთავაზობდა ბატონი ხაზარაძე ფულს, რომ მასთან დაკავშირებით ნაკლები კრიტიკა გამოეხატათ და ჩვენ არ გვახსენდება მათი მხრიდან ბევრი კრიტიკა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ, სავარაუდოდ, თანხმდებოდნენ ამ თანხის მიღებას.

ეს არაჯანსაღი პროცესია, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩვენ მიერ, ბოლო თვეებში მიღებული კანონები სწორედ ამას უზრუნველყოფს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.