ამ კანონის საშუალებით გაიგო მოსახლეობამ რაში იღებს ზოგიერთი კონგრესმენი ფულს, როგორ გააშავოს ჩვენი ქვეყანა, როგორ დააზიანოს ქართული სახელმწიფო და ეს ყველაფერი ცნობილი გახდა ზუსტად "ფარას" კანონით - კახა კალაძე

 კახა კალაძე

რატომ არ მოითხოვეს სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელში არასამთავრობოებმა დროებითი ღონისძიების გამოყენება და ფარას კანონის შეჩერება - მმართველ გუნდში საჩივრის ავტორების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

ექვსი ორგანიზაციის თანაავტორობით ფარას და სხვა კანონების წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არასამთავრობოები კანონის შეჩერებას არ ითხოვენ, რადგან წინასწარვე იციან, რომ პასუხი უარი იქნება.

"ქართულ ოცნებაში" დღეს სტრასბურგში გაგზავნილი ის საჩივარიც გაიხსენეს, რომელიც გამჭვირვალობის კანონს ეხებოდა და სადაც ასევე არ იყო მოთხოვნა მის შეჩერებასთან დაკავშირებით.

"ცხადია უარი იქნება, ხო წარმოუდგენელია. ჩვენ ხომ კოპირება გავაკეთეთ არსებული და მოქმედი კანონმდებლობის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და სხვათა შორის წარმატებით ფუნქციონირებს. მაგ კანონის საშუალებით გაიგო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ თუ რაში იღებს ზოგიერთი კონგრესმენი ფულს, როგორ გააშავოს ჩვენი ქვეყანა, როგორ დააზიანოს ქართული სახელმწიფო და ეს ყველაფერი ცხადი და ცნობილი გახდა ზუსტად ფარას კანონის საშუალებით. იციან წინასწარ, რომ მარცხისთვის განწირულები არიან და იმიტომ არ დაარეგისტრირეს მაგ მოთხოვნით", - აცხადებს თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.