ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა! - მომდევნო დღეებს ამინდის პროგნოზი
1761248745
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია.
„გამოძიებას აქვს თავისი სპეციფიკა. ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ გარკვეული დეტალებისგან, მაგრამ ცალსახად განვმარტავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არავის წინააღმდეგ მიუცია ჩვენება. მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც გავაკეთებთ დამატებით კომენტარს დეტალებზე. ბრალდებასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განვმარტეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავს ცნობს დამნაშავედ. ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებასთან“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
ამასთან, ამირან გიგუაშვილმა განმარტა, რა გარემოებების გათვალისწინებით შეეფარდა ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.
„იყო კითხვები, ღარიბაშვილს რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო და ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს ძალიან ბევრ გარემოებას. ადამიანი როცა თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ ემალება მას, ეთანხმება ბრალს და, პატიმრობის ნაცვლად, იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, ამ შემთხვევაში პროცესუალური სტანდარტია ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
კითხვაზე, რომელ კომპანიებთან თანამშრომლობდა ირაკლი ღარიბაშვილი და ვის ეხმარებოდნენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, გიგუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი მხრიდან დამატებით დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის.
„კომენტარებს ვაკეთებ საგამოძიებო და პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში რაიმე ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ გამიკეთებია. მე ვიცავ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებს და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებ ყველა კომენტარსა და განცხადებას. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, – „პროკურორმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილის ავტომობილები უკანონო შემოსავლით იყოს შეძენილი. მოხდება თუ არა მათი ჩამორთმევა?“ – გიგუაშვილმა განმარტა, რომ ეს თქვა არა პროკურორმა, არამედ ბრალში წერია.
„ვერ გეტყვით, ვერ გაგცემთ პასუხს, რას აპირებს ბრალდების მხარე. ეს უნდა ჰკითხოთ ბრალდების მხარეს. დაცვის მხარე ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან კანონის ფარგლებში, მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც კლიენტის საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დღეს წარუდგინა. დღესვე გაიმართა სასამართლო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევის შესახებ.