1750440930
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობამ.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა სოციალური დაცვის ღონისძიების გამოყენებისას სისხლის სამართლის კანონის უკუძალის საკითხი. კერძოდ, სოციალური დაცვის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს.
კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად არეგულირებს საქართველოდან გასვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თავისებურებებს.
მისი თქმით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა არის სოციალური დაცვის ღონისძიება და მისი მიზანია პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია.
„თავად საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.