1692302192
რუსეთის ომის მადა რომ შემცირდეს, უნდა შემცირდეს ნავთობისგან მათი შემოსავლები ერთ ბარელზე 30 დოლარამდე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, რუსული ნავთობის ზღვრული ფასი ერთ ბარელზე 30 დოლარამდე შეამციროს. ამჟამად ეს ზღვარი 45 დოლარს შეადგენს.
აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომაზე ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„რუსეთის სამხედრო ამბიციები იზრდება, როცა ნავთობისგან არსებული შემოსავლები მაღალია. რუსეთის ომის მადა რომ შემცირდეს, უნდა შემცირდეს მათი შემოსავლები ნავთობისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კვლავ რჩება მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად.
„ახლა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც ძლიერი, მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსეთის ნავთობით ვაჭრობა, მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღჭურვილობის ან ნაწილების მიწოდებას იარაღის საწარმოებლად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ზოგიერთი ევროპული კომპანია რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებს დღემდე აწვდის. მისი თქმით, ეს კომპონენტები საბოლოოდ რაკეტებსა და სხვა იარაღზე მიდის, რომლითაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას ახორციელებს.