რას ამბობს ნიურნბერგის პროცესის 101 წლის პროკურორი პუტინის შესაძლო დასჯაზე

პუტინი და ფერეცი

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ფონზე ვლადიმერ პუტინი შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის დაისაჯოს,- ამის შესახებ მართლმსაჯულების ვეტერანმა, 101 წლის ბენჯამინ ფერენცმა განაცხადა,  რომელიც ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე ნაცისტური გერმანიის ლიდერების წინააღმდეგ პროკურორად მუშაობდა. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. 

„დანაშაულები, რომლებსაც ახლა რუსეთი სჩადის უკრაინის წინააღმდეგ, კაცობრიობის სირცხვილია. აგრესიისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებისა და მკვლელობებისთვის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

პუტინი შეიძლება დააპატიმრონ, როგორც ბოსნიელი სერბების ლიდერი რადოვან კარაჯიჩი, რომელიც გენოციდის გამო იყო გასამართლებული. ეს ძალიან რეალისტურია. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის მონდომება ამის გასაკეთებლად. მინდა პუტინი გისოსებს მიღმა ვნახო, ეს შესაძლებელია”, - განაცხადა ფერენცმა.

ყოფილი პროკურორის აზრით, დასავლეთის ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ ნიურნბერგის სასამართლო პროცესის საფრთხე რუს სამხედროებს დანაშაულის ჩადენისგან შეაკავებდა, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ეს პრეცედენტი არ ეხება ოკუპანტებს.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკვე დაიწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების თაობაზე.