რომელი ბეჭედი მოგწონთ ყველაზე მეტად? - ფსიქოლოგიური ტესტი
1760446140
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, დრო ოდესღაც რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ახლა ის უკრაინისკენ იხრება.
„ყოველი ევრო, რომელსაც რუსეთიდან ვიღებთ, არის ევრო, რომლის დახარჯვაც მას ომში არ შეუძლია“, – აღნიშნა კაია კალასმა.
მისივე თქმით, ზაფხულში რუსეთის შეტევა ჩაიშალა.
„ბრძოლის ველზე, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, უკრაინას შეუძლია, რუსეთს დაუპირისპირდეს. რუსეთის ზაფხულის შეტევა ჩაიშალა. მის მინიმალურ ტერიტორიულ მიღწევებს უზარმაზარი რუსული დანაკარგები და ხარჯები მოჰყვება. ჩვენ გვჭირდება დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასევე გვჭირდება გამანადგურებლები. ასე რომ, ნათელია, რა გვჭირდება. ამის განსახორციელებლად დაფინანსებაც გვჭირდება. ეს ძალიან ნათელია და ვფიქრობ, ჩვენ ასევე შეგვიძლია, ძალიან კარგად ვითანამშრომლოთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიასთან“, – განაცხადა კალასმა.
თავის მხრივ, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ სულ უფრო მეტ ქვეყანას სურს, უკრაინის დახმარების პროგრამას შეუერთდეს.
„დღეს ჩვენ გვყავს ექვსი ქვეყანა, რომლებმაც კონკრეტული თანხები შეიტანეს უკრაინის დახმარების პროგრამის დასაფინანსებლად და გასაგრძელებლად. ამ ეტაპზე შეგვიძლია, ვისაუბროთ კიდევ შვიდი ქვეყნის განზრახვაზე, შეუერთდნენ მას, როგორც მონაწილეები, კონკრეტული წვლილის შემტანები ამ პროგრამაში. მე გაგიზიარეთ საჭიროებების კონკრეტული სია ზამთრის წინა პერიოდში უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად და დეტალურად განვიხილეთ საჭირო აღჭურვილობის მეთოდები და ვადები“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.