ალექსანდრ სირსკი: ფრონტზე არსებული ვითარება ძალიან რთულია, რუსეთი პოკროვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურ შეტევებს ამზადებს

ალექსანდრ სირსკი

ფრონტზე არსებული ვითარება ძალიან რთულია, რუსეთი პოკროვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურ შეტევებს ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკის თქმით, ამჟამად ყველაზე რთული ვითარება პოკროვსკის მიმართულებითაა.

„ამჟამად მტერი კონცენტრირდება ორ მთავარ მიმართულებაზე. ეს არის პოკროვსკი, რომელიც რუსებისთვის გადამწყვეტი რჩება. ახლა კი მათ დანაყოფები სუმიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავთ. ეს იქნება მეორე მიმართულება, სადაც რუსეთი აქტიური შეტევითი მოქმედებების დაწყებას გეგმავს“, – აღნიშნა სირსკიმ.

სირსკის თქმით, დღეის მდგომარეობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით დაბალი ინტენსივობის მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ოკუპანტები ცდილობენ ძლიერი დარტყმის მიყენებას, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ დაგეგმილი.

„როგორც გახსოვთ, კურსკის ოპერაციამ უბრალოდ ჩაშალა მათი გეგმები“, – აღნიშნა სირსკიმ.